მეჰმეთ საინი ვალის საბაჟოზე ქართული მხარის თანხმობას 23 აგვისტოდან ელოდება. საქართველოში რამდენიმე საათით გადმოსულ თურქეთის მოქალაქეს სამშობლოში აღარ უშვებენ.
მიზეზი პასპორტში ჩარტყმული მხოლოდ ერთი ბეჭედია. მეჰმეთ საინი საქართველოში 2016 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა. მაშინ იგი თბილისის აეროპორტით შემოვიდა და ასევე თვითმფრინავით დატოვა ქვეყანა. მიუხედავად ამისა, მას ქვეყნიდან ოფიციალური გასვლა ბეჭდის არარსებობის გამო არ ეთვლება. ვალის საბაჟოზეც სწორედ ამას ედავებიან.
,,16 დღეა აქ ვარ, საბაჟომ დარღვევა გაქვსო და არ მიშვებს. საბუთები მოვიტანე და ყალბიაო მეუბნებიან. როგორ დავუმტკიცო აღარ ვიცი. 2013/14 წლებში ჰესის მშენბელობაზე 9 თვე ვმუშაობდი. პრობლემა არასდროს მქონია. 10 დღეა თურქეთიდან საბუთები გადმოაგზავნეს, მაგრამ უშედეგოდ. თბილისის აეროპორტში კამერები ხომ დგას, ხომ შეუძლიათ იქ მაინც გადაამოწმონ, რომ არ გავპარულვარ და ოფიციალურად დავტოვე ქვეყანა? აეროპორტში თუ ბეჭედი არ ჩამირტყეს, მე რატომ ვარ დამნაშავე ან პასუხი მის გამო მე რატომ უნდა ვაგო“ - კითხულობს მეჰმეთ საინი..
მეჰმეთ საინი საქართველოში კუთვნილი, ოპელის მარკის ავტომანქანით გადმოვიდა. მებაჟეებისგან მიღებული უარის შემდეგ ღამეს მანქანაში ათევს, საკვებს კი საბაჟოსთან ახლოს მდებარე კაფეში ხელმძღვანელი უფასოდ აჭმევს. შექმნილი ვითარების გამო მას თანხა გამოელია და სამსახურიც დაკარგა.
,,ორ კვირაზე მეტია მეჰმეთი ჩემთან არის, ვაჭმევ, ვასმევ, ვეხმარები როგორც შემიძლია. ძალიან უკმაყოფილო ვარ თურქეთის საკონსულოსი, ვურეკავთ ყოველდღე და არანაირი დახმარება ამ დრომდე არ არის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თურქეთის მოქალაქეს პრობლემა ექმნება და საკონსულოდან დახმარება ჭირს. საქართველოს პრობლემაა ამჯერად, რომ ბეჭდის დარტყმა დაავიწყდათ, მაგრამ მეჰმედის რა ბრალია?"– აცხადებს კაფის მეპატრონე ალი უჩარი.
,,მანქანაში ვცხოვრობ, ფულიც გამითავდა, ყოველდღე მოვდივარ საბაჟოზე და არ მიშვებენ. სანამ ახალციხის პოლიციიდან დადებითი პასუხი არ მოვა, გადასვლის უფლებას ვერ მოგცემთო. მარდინში ვმუშაობდი ერთერთ სამშენებლო კომპანიაში. ორჯერ დამირეკეს, მაგრამ ერთი კვირის მერეც რომ არ მივედი, სამსახურიდან გამათავისუფლეს. ვინ უნდა ამინაზღაუროს ამხელა ზარალი? მეუბნებიან რომ არალეგალურად ვარ საქართველოში. თურქეთში როცა დავბრუნდები, აუცილებლად ვუჩივლებ ქართულ მხარეს მოყენებული ზარალის გამო“.დეარბექირში მცხოვრები სამი შვილის მამა დახმარებას ითხოვს.