დერცელში დაკვამლიანებაა, ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს
სოფელ დერცელში დაკვამლიანებაა. ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ამ დროისათვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობს: ორი ადიგენის და ორი ახალციხის. მიუვალი ტყის მასივის გამო, მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს გზის გაჭრა.
ღაღვის სატყეო უბანში, ცეცხლი 21 სექტემბერს, საღამოს 7 საათისთვის გაჩნდა. ადგილობრივები ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში ჩასართავად მზად არიან, რათა ხანძარი დასახლებულ პუნქტს არ მიუახლოვდეს. ადგილობრივების ვარაუდით, ხანძარი დაახლოებით ხუთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლედი ოქროპირიძემ ,,მეცხრე არხთან" განაცხადა, რომ მთელი ღამით მაშველებთან ერთად იმუშავებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები ხანძრის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხოლო დილიდან სახანძრო მანქანები ჩერთვებიან ცეცხლის ლოკალიზების პროცესში.