"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გუბერნატორის ადმინისტრაციების მიერ 2017 წელს გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა
და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, ხარჯების კლების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ხელფასებსა და საწვავზე დანახარჯებს.
"შარშანდელის მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებლით კვლავაც პირველ ადგილზეა და ასევე, ლიდერობს გახარჯული საწვავის კუთხითაც; პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა კახეთის ადმინისტრაციამ გასცა; რესტორნისა და კვების მომსახურებაზე კი ყველაზე მეტი ხარჯი იმერეთის ადმინისტრაციამ გასწია", - აცხადებენ ორგანზიაციაში.
რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთს, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში, 2017 წელს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაცემული პრემია – 44 520 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 82 450 ლარს შეადგენს.
ანაგრიშის მიხედვით, ყველაზე მეტი დანამატი სამეგრელო – ზემო სვანეთის ადმინისტრაციას აქვს აღებული – 183 677 ლარის ოდენობით, ხოლო ყველაზე მეტი პრემია კახელმა მაღალჩინოსნებმა აიღეს – 53 050 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციის მიერ კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე 2017 წელს გაწეულ ხარჯს, მცხეთა–მთიანეთის ადმინისტრაციის მსგავსად – 0 ლარს შეადგენს, ხოლო ლიდერი ამ ნაწილში იმერეთის ადმინისტრაციაა 13 866 ლარით, მას ოდნავ ჩამორჩება სამეგრელო–ზემო სვანეთის ადმინისტრაცია და გასულ წელს მისი დანახარჯი 11 660 ლარს შეადგენს.