ეკონომიკა
ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ხუთი ლარით გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 100$-ის შეძენა, გუშინდელთან შედარებით, ხუთი ლარით ძვირად არის შესაძლებელი.
1 000 სომხური დრამი 6.9240-ია, 100 რუსულ რუბლს 2.9399 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0833 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0572 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარის კურსის ვარდნას, ფინანსისტებმა უკვე უწოდეს ,,შავი ოთხშაბათი".
,,ყველა იმ კომპანიას, რომლის აქციები ივაჭრება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე და ოპერირებს საქართველოში, "შავი ოთხშაბათი" გაუთენდა",- ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა.
საუბარია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ვარდნაზე, რომელიც დღეს დილიდან დაიწყო. კერძოდ, დღეს "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 16.74%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 39.30 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, "საქართველოს კაპიტალის" (CGEO) აქციების ღირებულება კი 8.24%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.91 გირვანქა სტერლინგი გახდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება 14.41%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.25 გირვანქა სტერლინგი ღირს.
როგორც გიორგი რუხაძე ამბობს, ეს არის გუშინ დაანონსებული სანქციების შედეგი, რაც მეორე დღესვე აისახა საერთაშორისო ბირჟებზე. მისი თქმით, თუ სანქციები ამოქმედდა, დიდია საფრთხე, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს.
გააზიარეთ :