რეგიონი
ვარძია-გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო

 

ერთი თვის წინ დამეწყრილი ვარძია-გოგაშენის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კომპანიამ ჩამოშლილ ფერდობზე გზა გაჭრა, რათა მიწის გამოტანა დაიწყონ.

"ჩამოშლილ მიწაზე ასასვლელი გზა გაკეთდა, რომ ტექნიკა აეყვანათ. დიდი ლოდები, რომელიც პირველ რიგში დაშალეს, დაბლა ჩამოიტანეს. დღეიდან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება", - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ. შალვა ბერძენიშვილი დღეს სამუშაოების მონახულებას აპირებს.

ტურისტულ გზაზე მოძრაობის აღდგენას სავარაუდოდ, ორი თვე დასჭირდება.

გზის 45 მეტრ სიგრძეზე მეწყერი პირველად 13 მაისს ჩამოწვა. ხელისუფლება გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, საყრდენი კედლის აშენებას გეგმავდა. კომპანიას სამუშაოები თითქმის დასრულებული ჰქონდა, რომ იგივე მონაკვეთზე მიწა მეორედ, 13 ივლისს უფრო დიდი რაოდენობით ჩამოიშალა.  მისი გაწმენდის დაწყებას კი ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდა.

 

| Print |