ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა.
გენერალური შტაბი მიუთითებს, რომ მტერი ცდილობს, სახმელეთო ბრძოლებში მიღებული დანაკარგი ავიაიერიშებით აანაზღაუროს. უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აცხადებს, რომ დაკარგეს წვდომა აზოვის ზღვაზე.
რამდენიმე დღეა, ქალაქი მარიუპოლი რუსი თავდამსხმელების მიერ სრულ ბლოკადაშია.
გენშტაბის განცხადებით, რუსი სამხედროები ასევე ცდილობენ ფეხის მოკიდებას მდინარე ირპენზე, რომელიც ქალაქ ირპენსა და კიევს შორის მიედინება. გენშტაბის ცნობითვე, ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეცვლილა.
უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 2 რუსული თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 4 საკრუიზო რაკეტა და ასევე მოკლეს ერთ-ერთი რუსული არმიის მეთაური.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე კი განმარტავენ, რომ ომის დაწყების დღიდან, რუსეთმა უკრაინას 1080 რაკეტა ესროლა. მათივე ცნობით, რუსული ჯარების წინსვლა შეჩერებულია ყველა მიმართულებით: ისინი რჩებიან კიევის აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ ვერ უახლოვდებიან (აღმოსავლეთით ისინი უკრაინის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არიან). კიევთან ერთად ოკუპანტები ვერ მიუახლოვდნენ ხარკოვს.
პენტაგონის ინფორმაციით, ჩერნიგოვი და მარიუპოლი იზოლირებულია, მაგრამ უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობას. ნიკოლაევში რუსეთის ჯარები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ და ქალაქში შესვლაში ხელი შეუშალეს. პენტაგონის ცნობით, ზღვიდან ახალი მანევრებიც არ შეინიშნება.
ბრძოლა უკრაინის საჰაერო სივრცისთვის გრძელდება: რუსეთი მას არ აკონტროლებს, უკრაინის საჰაერო ძალები კვლავ დაფრინავენ, საჰაერო თავდაცვა რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
პენტაგონის შეფასებით, რუსეთის სამხედრო ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს ომის დაწყებამდე შეგროვებული ძალებისა და საშუალებების დაახლოებით 90%.