რეგიონი
აშშ-მ ჩინეთი გააფრთხილა - რუსეთის მხარდაჭერას ,,შედეგები" მოჰყვება
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს სატელეფონო საუბრისას, რომელმაც ორ საათს გასტანა 18 მარტს, უთხრა, რომ „შედეგები“ მოჰყვება რუსეთისთვის პეკინის მხრიდან ნებისმიერ მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ ომში, იტყობინება თეთრი სახლი.
ბაიდენმა და სიმ საუბრის დროს მოსაზრებები გაცვალეს უკრაინის ომზე, ტაივანსა და ორმხრივ ურთიერთობებზე. თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ ბაიდენმა სისთან საუბარში აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების მომხრეა.
რადიო თავისუფლების ცნობით, აშშ-ის მაღალი რანგის მოხელემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაიდენმა ასევე გააფრთხილა სი იმის თაობაზე, რომ ჩინეთი შედეგებს უნდა მოელოდეს არა მხოლოდ აშშ-ის მხრიდან, არამედ მთელი მსოფლიოსგან, თუ პეკინი რუსეთს მატერიალურ დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, საუბარი იყო „პირდაპირი, შინაარსიანი და დეტალური“. ჩინეთის მედიის ცნობით, ამ ქვეყნის ლიდერს აშშ-ის პრეზიდენტისთვის განუცხადებია, რომ როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანესმა ეკონომიკებმა, მხარეებმა არა მხოლოდ უნდა განავითარონ ჩინურ-ამერიკული ურთიერთობები, არამედ „უნდა იკისრონ საერთაშორისო პასუხისმგებლობა“ და „ძალისხმევა წარმართონ მშვიდობისკენ“ მთელ მსოფლიოში, ფიქრობს ჩინეთის პრეზიდენტი.
ჩინეთმა არაერთხელ თქვა უარი, გაკიცხოს რუსეთი და ვაშინგტონი შიშობს, რომ პეკინმა შეიძლება საფინანსო და სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს.
ტაივანის შესახებ საუბრისას, ბაიდენმა უთხრა სის, რომ „აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ არ შეცვლილა და ვაშინგტონი კვლავაც წინააღმდეგია სტატუს-კვოს ცალმხრივი შეცვლისა“. თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაიდენი და სი შეთანხმდნენ, იქონიონ კავშირის ღია ხაზი, რათა ორ ქვეყანას შორის კონკურენცია მართონ.
გააზიარეთ :