რუსეთს იმ რაკეტების 45% დარჩა, რაც ომამდე ჰქონდა - უკრაინის დაზვერვა
რუსეთში მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი უკვე ამოწურვის ზღვარზეა და თითქმის აღარ არის რეზერვები ზოგიერთი ტიპის რაკეტებისთვის - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, ოკუპანტებს რთული ვითარება აქვთ ე.წ "კალიბრთან", "ისკანდერთან" და "კინჟალებთან" დაკავშირებით, რომლებიც სკიბიცკის ინფორმაციით, მხოლოდ 30-40 ერთეული აქვთ დარჩენილი.
"ჩვენი გათვლებით, მათ დარჩათ იმ რაკეტების 45%, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვთ „ისკანდერებთან“ დაკავშირებით. დაახლოებით იმის 20%-ი, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა "კალიბრებთან" დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია", - ამბობს სკიბიცკი.
კიბეცკი აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ახლა აქტიურად იყენებენ "ურაგანს" და "სმერჩს", რომელიც დაბომბვის საშუალებას მაქსიმუმ 100 კილომეტრამდე იძლევა.
"მთავარი არხი"