უკრაინამ 60 ე.წ. „კამიკაძე“ დრონი გაანადგურა
რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის 74 დრონი და 5 რაკეტა გამოიყენეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 60 ე.წ. კამიკაძე დრონი და ორი მართვადი რაკეტა გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალზე, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლეშჩუკის განცხადებით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ავიაცია, საზენიტო -სარაკეტო ძალები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოაგდეს X-59/69 ტიპის ორი მართვადი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 60 დრონი“, - აღნიშნა საჰაერო ძალების სარდალმა.
მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ხარკოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, სუმის და დონეცკის ოლქებში.