ტრამპი პუტინთან შეხვედრას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა 9 იანვარს, ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ, ჟურნალისტებს ისევ უთხრა, რომ პუტინმა სურვილი საჯაროდაც გამოთქვა და მასთან შეხვედრას ამზადებენ, თუმცა დრო არ დაუზუსტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 9 იანვარს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უმაღლეს დონეზე კონტაქტების განახლების პოლიტიკური ნება შენარჩუნდება, პრეზიდენტი პუტინი ამას მხოლოდ მიესალმება, თუმცა პესკოვმა ისიც დაამატა, რომ ამერიკული მხარისგან კონტაქტის განაცხადი ჯერჯერობით არ ყოფილა.
2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევას. არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი ომი" უნდა დასრულდეს და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.
უკრაინის აქტიური მხარდამჭერები შიშობენ, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდავს და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებს - წერს რადიო თავისუფლება.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაა, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები და იარაღი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი პუტინს მისცემს გარკვეული დროის შემდეგ ახალი შეტევის დაწყების შესაძლებლობას.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.