რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და 145 დრონით შეუტიეს
რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და 145 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 19 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და 145 Shahed-ის ტიპის დრონი გაუშვეს, რომელთაგან 72 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.
ამასთან, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე თავდასხმა 45 დრონით განახორციელეს, რომელთაგან 19 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, კიევის ოლქის ბუჩას რაიონში 2 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.