საქართველოს საპატრიარქო შესაბამის
სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს, დროულად მოხდეს ქართველი
სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციის პროცესში , – ამის შესახებ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა
და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, თეოდორე (ჭუაძის) მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამი.
საპატრიარქოს ინფორმაციით, იშხნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები
ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს.
“ა.წ. 6-7 ივლისს, ტაო-კლარჯეთში ყოფნისას და ქართული
ეკლესია-მონასტრების მოლოცვისას მოვინახულეთ იშხნის ტაძარიც.
სამწუხაროდ, აქ კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება სარესტავრაციო
სამუშაოები და ეს პროცესი ქართველი სპეციალისტების გარეშე
მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მომიზეზებით, ჩვენ არ მოგვცეს
ეკლესიაში შესვლის უფლებაც კი და მხოლოდ გარედან მოვახერხეთ
დათვალიერება. როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, მინდა ვთხოვო
შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს, რომ დროულად მოხდეს ქართველი
სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციაში, რათა ჩვენი წვლილი
შევიტანოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის დაცვაში და ამასთან,
შესაძლო უხეში შეცდომებისაგან დავიცვათ ეს ძეგლი”, – ნათქვამია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა
და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე (ჭუაძის) განცხადებაში.
წყარო “ინტერპრესნიუსი”