მართლმადიდებლური სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. განკაცებული უფალი ჯვარცვის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. უფლის აღდგომას მრევლი ტაძრებში ღამისთევით შეხვდა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ღამის 11:00 საათზე დაიწყო. ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა მრევლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაუკითხა. ეპისტოლეში ყურადღება გამახვლებულია ცოდვების მონანიებაზე, უსახლკარო ბავშვებზე, თვითმკვლელობის ფაქტებზე და სხვა.
აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება, ვნების კვირა.ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
ამ დღეს უფალი მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო მოკვდავთათვის სამოთხის კარი. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე, ჯვართან ერთად, კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.
ქრისტე აღდგა! ასე ესალმებიან ეთმანეთს მორწმუნეები ამაღლების დღესასწაულამდე, რითაც განკაცებული და ჯვარცმული უფლის აღდგომას ერთმანეთს ახარებენ.
|