ერთი პოლიციელის მკვლელობისათვის, 4–ის მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებისათვის სამუდამო პატიმრობა – ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებას შურისძიებად მიიჩნევს დაცვის მხარე.
საქმის 8 თვიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ შალვა აბულაძეს საბოლოო განჩენი გამოუტანა. გოჩა ჯეირანაშვილის გადწყვეტილებით, აბულაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა მიესაჯა. საბოლოო განაჩენში მსჯავრდებულს, ერთი პლიციელის მკვლელობა და ოთხის მკვლელობის მცდელობა, ასევე, იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარება ჩაეწერა. მოსამართლე ჯეირანაშვილის თქმით, ბორჯომის ეპიზოდზე პილიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდება, პოლიციელებზე მახარაშვილისა და ბერუაშვილზე თავდასხმად გადაკვალიფიცირდა.
„ეს იყო ვენდეტა შალვა აბულაძის წინააღმდეგ“– ასე შეაფასა გოჩა ჯეირანაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი მსჯავრდებულის ადვოკატმა, რომელიც სასამართლოს სხდომას არ დასწრებია. შალვა აბულაძემ და შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადეს. პროტესტის ნიშნად ისინი სხდომებს ერთი თვის განმავლობაში არ ესწრებოდნენ. ადვოკატის თქმით, აღნიშნული განაჩენით მოსამართლემ ევროკონვენციის სამი მუხლი დაარღვია.
შალვა ხაჭაპურიძემ „მეცხრე არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯეირანაშვილს თბილისის პროკურატურასთან დიდიხანია შეთანხმებული ჰქონდა და სხდომების ახალციხეში გადმოტანის მიზანიც სწორედ ამ განაჩენის გამოცხადება იყო. აბულაძის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომას ოცზე მეტი სამართალდამცველი დაესწრო, მათ შორის ბორჯომის შემთხვევის დროს დაჭრილი პოლიციელი გიორგი მახარაშვილი.
გაასაჩივრებს თუ არა დაცვის მხარე გადაწყვეტილებას, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ეს მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. ბრალდების მხარე კი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი მხოლოდ, ბორჯომის ეპიზოდთან დაკავშირებით გასაჩივრდეს. შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალი ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა ტარებაში ედებოდა. სამ თვიანი ძებნის შემდეგ იგი სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 10 აპრილს ბორჯომში დააკავეს.