ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, მოადგილემ და გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა, გამგეობის წინააღმდეგ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. სიმონ პარუნაშვილი ამ გზით განაცდურის ანაზღაურებას, ხოლო რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად, თანამდებობებზე აღდგენასაც ითხოვენ. მათივე განმარტებით, მალე მართლმსაჯულების ორგანოს, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვისაც მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სიმონ პარუნაშვილი, რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობიძე გაამართლა. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი ბრალდების მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მართლმსაჯულების უმაღლესმა ორგანომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა.
ადიგენის მოქმედმა გამგებელმა, ყოფილ თანამშრომლებს განაცდურის ანაზღაურებაზე უარი უთხრა.