ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის სასამართლო სხდომა ბორჯომის ეპიზოდის გამოკვლევით გაგრძელდა. პროცესზე გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე დაიკითხა. გიორგი მახარაშვილმა 23 იანვრის ღამე დეტალურად აღწერა, რა დროსაც იგი თანამშრომელთან ერთად, ერთ-ერთ ქუჩაზე პატრულირებდა. დაჭრილი პოლიციელი ირწმუნება, რომ მას და გიორგი ბერუაშვილს ცეცხლი შალვა აბულაძემ გაუხსნა. შემთხვევისას შვიდი ტყვია მახარაშვილს, ხოლო ხუთი – გიორგი ბერუაშვილს მოხვდა. დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც მისცა.
მახარაშვილის მიერ მიცემული ჩვენებას სიცრუეს უწოდებს აბულაძის ადვოკატი. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადგილზე სადაც პოლიციელები დაჭრეს სიბნელეა და პიროვნებას ვერ ამოიცნობდნენ. ამიტომ ხაჭაპურიძისათვის გაურკვეველია, როგორ იცნო მახარაშვილმა შალვა აბულაძე.
სხდომაზე ის პოლიციელებიც დაიკითხნენ, რომლებმაც 10 აპრილს შალვა აბულაძის დაკავების დროს სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს.
სხდომაზე ბრალდებულმა აბულაძემ შუამდგომლობებიც დააყენა, მათ შორის მისი მეუღლის ქრისტინე ციხელაშვილის დაზარალებულად ცნობა და სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხვა, თუმცა მოსამართლემ არცერთი მათგანი დააკმაყოფილა.