სოფელ ხერთვისში მცხოვრებ დავით ჯაბანაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, დაცვის მხარემ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. იოსებ ხითარიშვილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ჯაბანაშვილისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.
ადვოკატი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, ჯაბანაშვილის წინააღმდეგ განაჩენი უსაფუძვლოდ გამოიტანა, მისივე თქმით, საქმე სამოქალაქო დავა იყო და სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა განხილულიყო.
შეგახსენებთ, რომ ჯაბანაშვილმა სოფელ გოგაშენში მცხოვრებ ლერი თაქთაქიძისგან 60 000 ლარის, 300 სული ცხვარი და 12 ბატკანი წაიყვანა, თუმცა მეპატრონეს თანხის ნაწილი გადაუხადა. ჯაბანაშვილს ბრალი თაღლითობის მუხლით ედებოდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.