ახალქალაქში გარდაცვლილი სარქის აკოფიანის ოჯახის წევრები და ნათესავები ბრალდებულების გასამართლებას და მკაცრად დასჯას ითხოვენ. მათ დღეს აქციები სასამართლოსთან, პროკურატურასთან და სამმართველოს შენობასთან გამართეს. აკოფიანის ახლობლები სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძესაც შეხვდნენ.
„ჩვენ აღარ გავჩუმდებით“, “სამცხე-ჯავახეთში სამართლიანობას მოვითხოვთ“, „სამცხე-ჯავახეთში სამართლადამცავი ორგანოები, სამმართველო და პროკურატურა მოქრთამულია“-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, ახალქალაქში მოკლული სარქის აკოფიანის ახლობლებმა აქცია ჯერ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, შემდეგ კი პროკურატურასთან და სამხარეო მთავარ სამმართველოსთან გამართეს. ისინი ბრალდებული იგიტიანის, ნალბანდიანისა და კარაპეტიანისთვის ბრალდების შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონსა და დედაქალქში აქციებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებმა, შეხვედრა სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსთან მოითხოვეს. გარდაცვლილი აკოფიანის და და დისშვილი, თეიმურაზ კალანდაძეს დახურულ კარს მიღმა ესაუბრნენ. შეხვედრიდან გამოსულმა მანია აკოფიანამა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციებს აღარ გააგრძელებენ და სასამართლოს განაჩენს დაელოდებიან. კალანდაძესთან შეხვედრაზე კი განმარტა, რომ სამხარეო მთავარი სამაართველო მკვლელობის საქმეზე სხვა პირების დასაკავებლად სამძებრო მოქმედებებს ატარებს. უკვე დაკავებულების საქმე კი სასამართლოს პრეროგატივაა და სამმართველოს იგი აღარ ეხება. შეხვედრის შესახებ სამხარეო სამმართველოში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გარდაცვლილი აკოფიანის ახლობლები ირწმუნებიან, რომ დაკავებული იგიტიანის, ნალბანდიანისა და კარაპეტიანის გარდა, მკვლელობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, თუმცა პროკურატურა მათ საქმეს არ იძიებს. იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხისგებაში არ მიეცემიან, აკოფიანის ახლობლები მათ მოძებნასა და ლინჩის წესით გასამართლებას აპირებენ. ბრალდებულების სასამართლო სხდომა დღეს, 21 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორის ქალაქში არყოფნის გამო გადაიდო. გარდაცვლილის ახლობლების უკმაყოფილება ამ ფაქტმაც გამოიწვია. აკოფიანის ოჯახის წევრებმა ადვოკატი დღეს აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მკვლელობა მოხდა. საქმეზე სამართალდამცავებმა სამი პირი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გარდაცვლილი აკოფიანის ახლობლები კი ბრალდების გადაკვალიფიცირებასა სამივე მათგანის მკვლელობის თანამონაწილედ გამოცხადებას ითხოვენ. იგიტიანის, ნალბანდიანისა და აკოფიანის სასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს ჩაინიშნა.