ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი პირის ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წაეკითხათ, თუმცა პროკურორი აღნიშნულისთვის მზად არ იყო.
სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატმა ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, პოლიციისა და სამხარეო სამმართველოს შენობებიდან ვიდეომასალების გამოთხოვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა არ დააკმაყოფილა. მაიზერ ბაბლუანი აცხადებს, რომ ვიდეო -მასალები ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებულების კანონდარღვევით დაკავება დადგინდება.
იგივე შუამდგომლობა ადვოკატმა წინა სხდომაზეც დააყენა, თუმცა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ არ განიხილა. ბაბლუანის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უკვე მიმართა და ლონდარიძის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა.