ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლის ქურდობაზე ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ.
აღნიშნული განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა, რომლის მიხედვითაც გირგი შელიას ხუთი წლითა და ცხრათვით, თამაზ ქუთათელაძეს ხუთი წლით, ხოლო ზაზა ქოჩიშვილს ხუთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის თამაზ ქუთათელაძის ადვოკატი “მეცხრე არხთან” განმარტავს, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში არ გასაჩივრდება, რადგან იოსებ ხითარიშვილის თქმით, თავად მსჯავრდებულს ასე სურს.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში ქურდობა გასული წლის დეკემბრის თვეში მოხდა. სამმა პირმა ყოფილი პრემიერ- მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლი გაქურდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ქურდობას გულისხმობს.