ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 21 სექტემბერს იმ სამი პირის პროცესი გაიმართა, რომელთაც გამოძიება, 26 ივლისს ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სხდომის დაწყებამდე ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს. შეკრებილები ამბობდნენ, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
პოლიციელების მხრიდან ბრალდებულების წამებაზე საუბრობს ადვოკატიც.
მაიზერ ბაბლუანი ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში
იგიტიანს, ნალბანდიანსა და კარაპეტიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც
ექსპერტიზამაც დაადასტურა. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარას და
სიტყვიერ შეურასხყოფასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში
გამოძიება 333–ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებენ, სწორედ
ამიტომ ბაბლუანმა სომხეთის საელჩოს განცხადებით მიმართა და საკუთარი
დაცვისქვეშმყოფებისათვის თავშესაფარი მოითხოვა.
სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს და მათი დასაშვებობის საკითხი განიხილეს. მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული სამი შუამდგომლობა, რომელიც მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობას, ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებასა და მათთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხებოდა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 2 ოქტომბერს 12 საათზე ჩაინიშნა.