ახალციხის რაიონულ სასამართლოში, შალვა აბულძის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვები გრძელდება. სხდომას ბრალდებული დღეს პირველად დაესწრო. პროცესის უმეტესი დრო შალვა აბულაძის განცხადებას დაეთმო, სადაც მან საპატიმრო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ბრალდებული პროცესზე გრძელი ფრჩხილებითა და წვერით გამოცხადდა. იგი ირწმუნება, რომ თავის მოვლის პირობები არ აქვს. აბულაძის თქმით, ტანსაცმელი მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც მისი მდგომარეობით სახალხო დამცველი დაინტერესდა.
სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა შესვენება გამოაცხადა, რადგან პროცესზე დასასწრებად ადვოკატებისა და ბრალდებულის დროული ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. შალვა აბულაძის საქმის არსებითი განხილვა 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ბრალდებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ადვოკატმაც. შალვა ხაჭაპურიძემ სხდომების ახალციხეში გადმოტანა გააპროტესტა და სასამართლოს სიურპრიზებს დაპირდა.
შალვა აბულაძემ მეშვიდე დაწესებულებას გასაიდუმლოებული ციხე უწოდა. მისი თქმით, საპყრობილეში გადაყვანისას, ერთ-ერთი ბადრაგი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც სხეულის დაზიანებები მიიღო. როგორც ჟურნალისტებთან პროკურორმა დავით ნეფარიძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
მომდევნო სასამართლო სხდომა, ბრალდებულის თხოვნით, 21 სექტემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალი ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება, რაც 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.