ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს სარჩელი სრულად დაუკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგება, განაცდური აუნაზღაურდება და ბათილად იქნება ცნობილი ის ოქმიც, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარის თანამდებობაზე იმედა მღებრიშვილი დაინიშნა.
მოპასუხე მხარე მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 4 მარტს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. აღნიშნული მოთხოვნით, წარმომადგენლობით ორგანოს “ქართული ოცნების” 15–მა დეპუტატმა მიმართა. მის გადაყენებას ფარული კენჭისყრით, 21 დეპუტატიდან მხარი 17–მა მათგანმა დაუჭირა.