ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან, მტკვარში დაკარგული სამი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 23 ივლისს დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდებმა ცურვა არ იცოდნენ და უბედური შემთხვევის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
სოფელ ჭაჭარაქის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ექვსი ახალგაზრდა მტკვარში საბანაოდ შევიდა, თუმცა, ისინი შემთხვევით, წყლის სიღრმეში ჩაცვივდნენ. სამმა მათგანმა ნაპირზე უვნებლად გასვლა შესძლო, სამი ახალგაზრდა კი დაიხრჩო. გარდაცვლილები 19, 20 და 22 წლის ასაკის იყვნენ, აქედან ორნი და-ძმანი არიან, ხოლო ერთი – ჭაჭარაქში ნათესავთან დროებით ცხოვრობდა. „მეცხრე არხთან“ ერთ-ერთი გადარჩენილი ამბობს, რომ ცურვა არცერთმა მათგანმა იცოდა.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები ნახევარ საათზე მეტ ხანს მუშაობდნენ. მათ სამივე ახალგაზრდა, თითქმის ერთდროულად, რამდენიმე წუთანი ინტერვალით იპოვეს. შემთხვევასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს სამაშველო და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა. მოგვიანებით ადგილზე მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
შემთხვევისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდები მტკვარში წყლის ადიდების გამო დაიღუპნენ, თუმცა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მტკვრის დონეს დღეს არ მოუმატია. ჭაჭარაქში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა ცურვა არ იცოდნენ და უბედური შემთხვევაც, სწორედ ამიტომ მოხდა. მათივე თქმით, ამ ტერიტორიაზე ბავშვები ხშირად ბანაობენ, თუმცა, მსგავსი შემთხვევა არასდროს მომხდარა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. ზაზა მელიქიძის განცხადებით, გამგეობა გარდაცვლილების ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარება. თუმცა რა ფორმით, ამას ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.
სამი ახალგაზრდის ცხედარი, შემთხვევის ადგილიდან ახალციხის რაიონულ პროზექტურაში გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობენ.