სასტუმრო „ჯინო ველნესის“ ბუღალტერს ყოფილი თანამშრომელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. „მეცხრე არხთან“ დაზარალებული აცხადებს, რომ საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანა. ცემის ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს.
სასტუმრო “ჯინო ველნესის” ყოფილი თანამშრომელი ამავე დაწესებულების ბუღალტერს სასამართლოში უჩივის. ნინო ბერიძე თამარ შაორშაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. დაზარალებულის განმარტებით, მათ შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბუღალტერმა მისი ჩანთა უნებართვოდ გახსნა და მობილური ტელეფონი ამოიღო. ამის შესახებ, ბერიძემ სასტუმროს მენეჯერს აცნობა, რომელმაც აღნიშნულის ფაქტებით დადასტურება მოსთხოვა. ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ კამერების ჩანაწერი ერთად ნახეს, თუმცა მენეჯერმა ეს არგუმენტად არ მიიღო. სამსახურეობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულების მოტივით, ნინო ბერიძე დაკავებული პოზიციიდან 12 ივლისს გაათავისუფლეს. მისივე თქმით, სასტუმროს ტერიტორიის დატოვებამდე ბუღალტერი ხელითაც შეეხო. გათავისუფლებიდან მეორე დღეს დაზარალებულმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
აღნიშნულის გარდა, ნინო ბერიძე, „ჯინო ველნესში“ არსებულ რთულ სამუშაო პირობებზეც საუბრობს. მისი თქმით, მომსახურე პერსონალთან ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის, განკუთვნილ დროზე მეტს ამუშავებენ და არასათანადოდ ეპყრობიან. ნინო ბერიძის თქმით, რთული პირობების გამო ბოლო ორი თვის განმავლობაში სამსახური 20-მდე თანამშრომელმა დატოვა. „ჯინო ველნესში“ არსებულ მდგომარეობაზე სასტუმროდან გათავისუფლებული სხვა პირებიც საუბრობენ.
„ჯინო ველნესში“ ყოფილი თანამშრომლის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ, გარდა ამისა, ბერიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც ადანაშაულებენ. სასტუმროში „მეცხრე არხს“ ოფიციალურ კომენტარზე უარი განუცხადეს.”ჯინო ველნესის” წარმომადგენლები პირად საუბარში ყოფილი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფენ. მათივე თქმით, ნინო ბერიძე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებდა, რის გამოც ხელმძღვანელებისგან საყვედური არაერთხელ მიიღო და ბოლოს გათავისუფლდა კიდეც.
ბუღალტერის მიერ ყოფილი თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება უკვე
დაიწყო. საქმეს ახალციხის რაიონული პროკურატურა, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს. რაც
ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის
ფიზიკური ტკივილი
გამოიწვია, მაგრამ ფაქტს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი
დაზიანება არ მოჰყოლია.