ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სარწყავ წყალზე გადასახადი ტარიფი განისაზღვრა. საკრებულოს სხდომაზე გატანილ საკითხს დეპუტატთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოფლის მოსახლეობა კი მელიორაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რწყვის სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა სოფლებს სარწყავი წყალი არ მიეწოდება.
წყალსაცავებიდან თვითდინებით მიწოდებული სარწყავი წყლით სარგებლობისათვის 1 ჰექტარზე – 30 ლარი, წყალსატუმბი სადგურებიდან ელექტრო ენერგიის ხარჯზე მიწოდებული სარწყავი წყლით სარგებლობისათვის კი – 1 საათში 70 ლარი – ეს ის ტარიფია, რომლის გადახდაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს რწყვის სეზონზე მოუწევთ. გადასახადის აღნიშნული ოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს. თუმცა, საკითხს საკრებულოს წევრთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
სანამ ადიგენის საკრებულოში დეპუტატები სარწყავი წყლის ტარიფს ადგენენ, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობა სარწყავი წყლის არ არსებობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. სოფელ ბოლაჯურში ამბობენ, რომ უწყლობის გამო, ადგილობრივებს მოსავალი უფუჭდებათ.
იმ ფაქტს, რომ სარწყავს წყალთან დაკავშვირებით, ბოლაჯურისა და ქვემო ენთლის მოსახლეობას პრობლემები ყოველწლიურად ექმნებათ, ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატიც ადასტურებს. კობა ჩხიტუნიძის თქმით, სოფლებში საჭირო ოდენობის წყალი არ არის, თუმცა საკითხის მოსაგვარებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მათ პროექტი შეადგინეს. მიუხედავად ამისა, ქვემო ენთლის მოსახლეობა ნაკვეთების სრულ გასარწყავიანებას წელს მაინც ვერ მოახერხებს.
ადიგენის გამგებელი ირწმუნება, რომ რწყვის სეზონს მუნიცპალიტეტი მომზადებული შეხვდა და პრობლემა არცერთ სოფელში არ არის. ზაქარია ენდელაძის თქმით, ივნისში დაფიქსირებული სტიქიის მიუხედავად, ამ დრიოსათვის, სარწყავი არხები გაწმენდილია და ადგილობრივები ამ მხრივ, დაბრკოლების წინაშე არ დგანან.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განმარტავს, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბოსტნეული კულტურების მორწყვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფერმერები მოსავლის გათვლილ რაოდენობას ვერ მიიღებენ. რაც შეეხება წყლის გადასახადის ტარიფს, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააწესა, თანხის ოდენობა მათთვის კვლავ პრობლემად რჩება.