რწყვის სეზონი იწყება. ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში კი ფერმერები სარწყავი სისტემის გაუმართაობაზე ჩივიან. ერთ–ერთი ასეთი სოფელი კლდეა, სადაც ადგილობრივები მოუწესრიგებელ საირიგაციო სისტემაზე საუბრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სათავე ნაგებობა გასწმენდია და სწორედ ამიტომ მიწის ნაკვეთები წყლით ვერ მარაგდება.
ეს ფერმერი ერთ-ერთია მათ შორის, რომლებსაც სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მორწყვა საკუთარი სახსრებით უწევთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთწოდებულ “ჭალებში” საირიგაციო სისტემა არსებობს, თუმცა, იგი გასწმენდია და ნაკვეთის მორწყვა ვერ ხერხდება, ამიტომ იძულებულნი არიან, ინდივიდუალურად, წყლის სატუმბი დანადგარები გამოიყენონ. მათი ნაწილი კი მხოლოდ ბუნებრივ ნალექზეა დამოკიდებული.
სოფელ კლდეში, სარწყავ წყალთან შექმნილ პრობლემებზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც საუბრობენ. გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ თემის საკრებულოში მათმა ფრაქციამ საკითხი არაერთხელ დააყენა, რომ გამგეობის ტექნიკას სათავე ნაგებობა გაეწმინდა, რათა მოსახლეობას წყლით ესარგებლა. თუმცა, მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ტრაქტორი ისე გააქირვა, რომ ადგილობრივების პრობლემით არ დაინტერესებულა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული საირიგაციო სისტემა, ამავე სოფლის კუთვნილებაა და სათავენაგებობის გასაწმენდად ტექნიკა, თავად მოსახლეობამ უნდა იქირავოს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას სისტემის მოვლის ვალდებულება არ გააჩნია. გელა ნოზაძე იმასაც ამბობს, რომ გამგეობის ბალანსზე არსებული ტექნიკით აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებენ.
სოფელ კლდის ე.წ ჭალებში არსებული საირიგაციო სისტემის საშუალებით ფერმერები გასულ წლებში 80 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს რწყავდნენ. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს სათავენაგებობა ამ დრომდე არ გაწმენდილა. უზრუნველყოფს თუ არა ადგილობრივი თვითმართველობა კლდეში საირიგაციო სისტემის სათავე ნაგებობის გაწმენდას, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამას ვერ აკონკრეტებენ.