გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალი სოფელ აწყურში და დასეტყვილი სოფლები ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, ნათესები, ნარგავები, და ხეხილი დააზიანა. დახოცილია შინაური ფრინველი. რამდენიმე საათის განმავლობაში აწყურში საავტომობილო გზის გახსნა ვერ მოხერხდა.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, აწყურში ცენტრალური გზა თითქმის სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ნიაღვარმა გზაზე ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რის გამოც მოძრაობა შეწყდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს. სტიქიამ აწყურის გარდა, ახალციხის კიდევ 8 სოფელი: კლდე, წნისი, მუგარეთი, ფერსა გიორგიწმინდა, აგარა, გურკელი და წინუბანი დააზარალა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაზა მელიქიძის თქმით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
აწყურის ცენტრალურ გზაზე ჩამოტანილი ნაშალის გამო ტრაილერმა გასვლა ვერ შეძლო და გზა ჩახერგა, რომლის ადგილიდან გაყვანას სამაშველო და საპატრულო პოლიციის სამსახურები ცდილობდნენ. ტარილერების, ავტომობილისა და მიკრო ავტობუსების კოლონას გაზაზე შეყოვნება რამდენიმე საათით მოუწია. ღვარცოფმა აწყურის ერთ-ერთ მკვიდრს ავტომობილიც დაუზიანა, რომელიც წყალმა ნაშალ მასალასთან ერთად წაიღო.
სტიქია იყო ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა სეტყვამ ნათესები და ნარგავები გაანადგურა, დახოცილია შინაური ფრინველიც. მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს სოფლებმა: ლელოვანმა, სმადამ, ჩორჩანმა, ფხერომ, ზანავმა და იჯარეთმა. მუნიციპალიტეტში სტიქია დაახლოებით 16:00 საათზე დაფიქსირდა. ზარალს სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.
ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გარდა 11 ივნისს სტიქია ბორჯომშიც დაფიქსირდა. უხვი ნალექის გამო, მდინარე „დვირულა“ ადიდდა და სოფელ დვირს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია სამეურნელო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური პირუტყვი. სტიქიამ დააზიანა ელექტრო გადამცემი ბოძები და სასმელი წყლის სისტემა. ადიდებულმა წყალმა ტაძრისი–დგვარის დამაკავშირებელი ხიდიც წაიღო. რა ზიანი მიადგა სტიქიისაგან რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს, ამას სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია დაადგენს.