ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ კრახი განიცადა – მსგავსი განცხადებები ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ბოლო დროს ხშირად კეთდება. შეუძლია თუ არა რიგით მოქალაქეს განაჩენის გამოტანა ბრალდებულისთვის – ამაზე როგორც იურისტები, ასევე საზოგადოების სხვა წარმოადგენლებიც საუბრობენ.
ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სისტემაში ცვლილებების შესვლას მინისტრთა კაბინეტის წევრები არ გამორიცხავენ – ამაზე მას შემდეგ საუბრობენ, რაც 12-მა მსაჯულმა ერთ-ერთ საქმეზე განაჩენი ვერ გამოიტანა. ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ახალციხეში აფასებენ. საზოგადოების აზრი ორად გაიყო, მათი ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული სისტემა უნდა არსებობდეს, რაც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა, მეორე ნაწილი კი მსაჯულის სკამზე მჯდომ 12 ადამიანის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულს განაჩენი რიგითმა მოქალაქემ არ უნდა გამოუტანოს.
სამცხე-ჯავახეთიდან ნაფიც მსაჯულებს მხოლოდ 1 საქმე აქვთ განხილული. მათთან ურთიერთობის გამოცდილება ადვოკატ ირაკლი ბარძიმაძეს ჰქონდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც ბრალად, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს. ირაკლი ბარძიმაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ეს პროკურატურის არამყარი მტკიცებულებების ბრალია.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით, ირაკლი ბარძიმაძისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს იოსებ ხითარიშვილს. იურისტი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ დღევანდელ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ბევრი ხარვეზი და შეუსბამობაა, დარღვეულია დაცვისა და ბარალდების მხარის, თანაბარ პირობებში მუშაობის პრინციპი. ხითარიშვილის თქმით, რიგითმა ადამიანებმა, ვისაც ამ სფეროში გამოცდილება არ გააჩნია ბრალდებულს განაჩენი არ უნდა გამოუტანოს.
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებობდა. ამას ისტორიული წყაროებიც ადასტურებს. ისტორიკოსი განმარტავს, რომ ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში, ფშავში და ხევსურეთში განაჩენის გამოსატანად, 12 პირისგან შემდგარი თემის უხუცესები იკრიბებოდნენ. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ კი ეს წესი ნელ-ნელა გაუქმდა. რეზო ანდღულაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აღდგენის არაერთ მცდელობას იხსენებს, მათ შორის ილია ჭავჭავაძის მოსამართლედ დანიშვნის და საბჭოთა კავშირის პერიოდში.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას განიხილავს. ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს თბილისში მცხოვრები ის პიროვნება, რომელმაც იცის ქართული, არა არის უნარშეზღუდული და ნასამართლევი, ასევე არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს ბრალდებულთან, ვის საქმეზეც ვერდიქტის გამოტანა მოუწევს.