სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსმა, დღეს ახალციხის თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც ნანა ზუბაშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, სამინისტროს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ, სოფლის წარმომადგენლებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომლებიც თემის მოსახლეობას სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის კუთხით აწუხებს. როგორც სამმართველოს უფროსი ამბობს, გამოიკვეთა, რომ მოსახლეობას, პირუტყვის აცრებთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ, ინფორმაციის მიღება სურთ, ამიტომ ამისათვის სპეციალური ბროშურა გამოიცემა.
ასევე, შეიქმნა ეგრეთ წოდებული „სოფლის პასპორტები“, რომელშიც სოფლებში არსებული ყველა, განხორციელებული თუ განუხორციელებელი პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება. ნანა ზუბაშვილის თქმით, აღნიშნულის მიზანს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ყველა საკითხის ოპერატიულად მიწოდება წარმოადგენს.
მსგავსი სახის შეხვედრები, რეგიონის მასშტაბით, 6 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.