შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ბორჯომს ესტუმრა. ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა. დღეიდან გიორგი ბერუაშვილის სახელი ეწოდება იმ ქუჩასაც სადაც ის ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ბორჯომს დღეს თორმეტი საათისათვის ესტუმრა. ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა. მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა. ღონისძიების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა ოჯახის წევრებთან ერთად გიორგი ბერუაშვილის საფლავი მოინახულა.
გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. პოლიციელის გარდაცვალების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი მეუღლე ნატალია ხუციშვილი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაასაქმა.
დაღუპული პოლიციელის სახელი ბორჯომში იმ ქუჩას ეწოდა, სადაც იგი ცხოვრობდა, მისი სახელობის სკვერი კი იმ ადგილზე მოეწყო, სადაც გიორგი ბერუაშვილი შალვა აბულაძემ სასიკვდილოდ დაჭრა. მემორიალის გახსნას გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილიც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას გიორგი ბერუაშვილი დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცველებმა აბულაძე ბორჯომის გარეუბანში არდაგანის დასახლებაში, ერთ-ერთი მიტოვებულ შენობაში 10 აპრილს დააკავეს. შალვა აბულაძეს ბრალი სსკ-ის რამდენიმე მუხლით ედება, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.