იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში მსჯავრდებულის მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადვოკატმა, შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
ირაკლი ბარძიმაძე თვლის, რომ განაჩენი მოსამართლემ უკანონოდ გამოიტანა. ადვოკატი განმარტავს, რომ ნათია მერაბიშვილი, ოთხი პოლიციელის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს დაეყრდნო, რაც მისივე თქმით, ევროსასამართლოს ცნების დარღვევაა. ბარძიმაძეს ამის არგუმენტად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასამართლოებისათვის მიცემული მითითება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია მოსამართლემ განაჩენი პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით გამოიტანოს, თუ იგი სხვა მტკიცებულებებით ვერ მყარდება და თავად სამართალდამცველებიც ინცინდენტის უშუალო მონაწილეები არიან.
ირაკლი ბარძიმაძე გიორგი კაპანაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს. მათ შორის მსჯავრდებულის ცემისა და წამების ფაქტებს, რომელშიც კაპანაძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს და მის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე კენჭოშვილს ადანაშაულებს.
გარდა ამისა, ბარძიმაძემ სხვადასხვა საელჩოში შესატანად განცხადებები უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, გიორგი კაპანაძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.