თბილისის სააპელაციო
სასამართლომ დღეს, 19 მაისს “თავისუფალი დემოკრატების”
წარმომადგენლისა და ქალაქის საკრებულოს იურიდიული კომისიის
თავმჯდომარის საქმე განიხილა.
შალვა გოგოლაძე “მეცხრე არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ მოსამართლემ დღეს მხოლოდ საქმის შესახებ, მხარეების პოზიციები მოისმინა, გადაწყვეტილებას კი 10 ივნისს გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა და ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.
შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმ ნაწილში სადაც იგი დეპუტატებს პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებდა და მორალური ზიანის ანაზღაურებას – 3 000 ლარის ოდენობით ითხოვდა, არ დაუკმაყოფილა.
საკრებულოში კი განმარტავენ, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
ადმინისტრაციული სარჩელით, ახალციხის რაიონულ სასამართლოს შალვა გოგოლაძემ 18 დეკემბერს მიმართა და 2014 წლის 21 ნოემბრის №48–ე განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც ქალაქის საკრებულომ იგი იურიდიული კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შალვა გოგოლაძე დეპუტატატებს პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებდა და მორალური ზიანისათვის 3 000 ლარს ითხოვდა. ახალციხის სასამართლომ გოგოლაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.