იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებული, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გიორგი კაპანაძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენს ადვოკატი და ოჯახის წევრები არაობიექტურად მიიჩნევენ და მის გასაჩივრებას აპირებენ. სხდომაზე თავისი საბოლოო სიტყვა გიორგი კაპანაძემაც წარმოსთქვა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 9 თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით დაკავების დღეს ამოღებული კაპანაძის პირადი ნივთები, ოჯახს გადაეცემა, ხოლო ნივთმტკიცების სახით ამოღებული კალაშნიკოვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შეიარაღების განყოფილებას გადაეგზავნება.
დაცვის მხარე მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას
გეგმავს. კაპანაძის ოჯახის წევრები და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ იგი
არაობიექტურია, რადგან სხვა გარემოებებთან ერთად მოსამართლემ იარაღზე
ანაბეჭდების არარსებობა მხედველობაში არ მიიღო. მათივე განმარტებით,
კაპანაძის დასჯა სამხარეო სამმართველოს უფროსის თეიმურაზ კალანდაძის
ინტერესებში შედიოდა. ეკა აბაშიძე აცხადებს, რომ არაერთი ბრალდების
მიუხედავად კალანდაძე პასუხისგებაში მიცემული არ არის და იგი არც
თანამდებობიდან მოუხსნიათ. ადვოკატის თქმით, სამცხე-ჯავახეთის
სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს მფარველები ჰყავს.
თეიმურაზ კალანდაძის სახელმა და გვარმა, სასამართლო სხდომაზე
არაერთხელ გაიჟღერა. იგი ფიზიკურ შეურაცხყოფაში უკვე მსჯავრდებულმა
გიორგი კაპანაძემ, თავის საბოლოო სიტყვაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა,
რომ მისი ციხეში ჩასმა სამხარეოს უფროსის ინტერესი იყო. კაპანაძის
თქმით, ბრალდების მხარეს არცერთი მყარი მტკიცებულება აქვს და
ყველაფერი ცრუ ჩვენებებზეა აწყობილი.
გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენს ეს ჯერ უცნობია, პროკურორი მართლმსაჯულების ორგანოდან სამოტივაციო ნაწილს ელოდება. „მეცხრე არხთან“ კომენტარის გაკეთებაზე მამუკა ქომოშვილმა უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე, ორ მეგობართან ერთად, 2014 წლის 23 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში დააკავეს. თუმცა მისი ორვე მეგობარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. კაპანაძეს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.