სამ თვიანი ძებნის შემდეგ ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. სამართალდამცველებმა შალვა აბულაძე ბორჯომის გარეუბანში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აიყვანეს. არდაგანის დასახლებაში რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე, რომელიც
სამართალდამცველებმა დააკავეს, გლდანის მერვე დაწესებულებაში
გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება სასამართლო პროცესი
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. შალვა აბულაძე, რამდენიმე
თვიანი ძებნის შემდეგ, დღეს ბორჯომის გარეუბანში ერთ-ერთ მიტოვებულ
სახლში დააკავეს. ბორჯომიდან თბილისში იგი ვეტმფრენით გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა შენობიდან, სადაც ის იმალებიოდა, ორი პისტოლეტი
და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი გახმაურებული
სპეცოპერაცია ბორჯომში შს მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
სპეცოპერაციის ადგილზე დღესვე იმყოფებოდნენ, დაკავებულის მეგობრები.
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი და შალვა აბულაძის მეგობარი ირწმუნება,
რომ იგი პოლიციელებს საკუთარი ნებით ჩაბარდა, რადგან ძალოვანმა
უწყებამ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე ზეწოლა დაიწყო. დავით
როკეტიშვილის გამარტებით, აბულაძემ თავად დაურეკა სამართალდამცველებს
და საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინა. როკეტიშვილის
ნაამბობს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საზოგადოებათან
ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ
აბულაძემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევას ცდილობდა, თუმცა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მაინც დააკავეს!
შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი იყო ჩართული. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართულნი იყვნენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. რამდენი ხნის განმავლობაში იმალებოდა შალვა აბულაძე, ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში უცნობია. ადგილობრივებმა არც ის იციან, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული შენობა არდაგანის დასახლებაში. თუმცა, ცნობილია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე დგას შალვა აბულაძის კუთვნილი სახლიც.
დაკავებული შალვა აბულაძე პოლიციელების – ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილისა და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე იძებნებოდა. მას, ასევე, ბრალად გიორგი მახარაშვილისა და ვალერიან გრძელიშვილის დაჭრა ედება. პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-დან-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.