ხმაური იყო დღეს სოფელ საყუნეთში. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი სათიბებისა და საძოვრების გაყიდვა იგეგმება, რის გამოც პირუტყვი საკვების გარეშე დარჩება. ისინი ირწმუნებიან, რომ ტერიტორიით კონკრეტული პიროვნებები არიან დაინტერესებული. თუმცა აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და პროვოკაციად აფასებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სოფელ საყუნეთის მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს, რათა მათი პირუტყვი საძოვრების გარეშე არ დარჩეს . ისინი აცხადებენ, რომ სოფლის საძოვრებისა და სათიბების გაყიდვა იგეგმება. ადგილობრივების იფორმაციით, ტერიტორიებით კონკრეტული პიროვნებები არიან დაინტერესებულნი თუმცა მათი ვინაობა არ იციან. მოსახლეობის მტკიცებით, მათ შორის ერთ–ერთი ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილია. საყუნეთის მკვიდრები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ ტერიტორიების შესყიდვას სთავაზობს, თუმცა ამის ფინანსური რესურსი ადგილობრივებს არ გააჩნიათ. მოსახლეობა შიშობს, რომ მათი პირუტყვი მალე საკვების გარეშე დარჩება, რადგან არც საძოვრები ექნებათ და არც სათიბი ტერიტორიები.
საყუნეთში დღეს, თემისა და გამგეობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ისინი ირწმუნებიან, რომ სოფლის სათიბ–საძოვარი ეგრეთწოდებული „დარანეთის“ მიწები არ იყიდება და ადგილობრივ მოსახლეობაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ქონების მართვის სამსახურის უფროსი განმარტავს, ამ დროისათვის ტერიტორია სახელმწიფოს ბალანსზეა და იმისათვის, რომ მომავალში მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, ისინი მათ სათიბების შესყიდვასა და საძოვრების იჯარით აღებას ურჩევენ.
ეგრეთწოდებული „დარანეთის“ ტერიტორია, სადაც წლებია საყუნეთის მოსახლეობა საკუთარ პირუტყვს აძოვებს და სათიბად იყენებს 36 ჰექტარს შეადგენს. გამგეობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ისინი მოსახლეობას სათიბისა და საძოვრების გარეშე არ დატოვებენ. რაც შეეხება ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ვინმეს ტერიტორიის შესყიდვა სურს, გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსის რამინ მარტინენკოს თქმით, პროვოკაციულია.
„ნუ დავკარგავთ იმას, რის დაბრუნებასაც ვეღარ შევძლებთ“– ასეთი წარწერით განცხადება, სოფელ საყუნეთის ცენტრში თემის წარმომადგენლებმა გამოაკრეს. განცხადებაში ისინი ადგილობრივებს სოფლის კრებაზე დასწრებას მოუწოდებდნენ, რადგან „დარანეთის“ მიწების საკითხი უნდა განხილულიყო. კითხვაზე რას ნიშნავდა „ნუ დავკარგავთ იმას, რის დაბრუნებასაც ვეღარ შევძლებთ“ – სოფლის წარმომადგენლის თანაშემწემ განაცხადა, რომ მსგავსი სახის ტექსტი, სპეციალურად მოსახლეობის კრებაზე მოსაყვანდ დაწერა, რადგან ისინი, შეხვედრებს არ ესწრებიან და ამ სიტყვებში საძოვრების გაყიდვა არ იგულისხმებოდა. კითხვებზე, რატომ დადგა დღის წესრიგში მოსახლეობისათვის, საძოვრების შესყიდვის საკითხი – გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ საყუნეთში განმარტა, რომ ადგილობრივებისთვის ახლა, სწორედ აღნიშნულია პრიორიტეტული.