შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. ძალოვანი სტრუქტურა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოიდებს, რადგან შალვა აბულაძე შეიარაღებულია. ისევე როგორც რეგიონებში, ქვეყნის დედაქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
პოლიციელის მკლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად ბორჯომში ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. ქალაქის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ძალოვანი უწყების პირველმა პირმა და პრემიერ–მინისტრმა გააკეთეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალთან ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავის დაკავება დროულად მოხდება. მინისტრებმა დღეს მეტროსადგურ “ვარკეთილთან” მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულეს. ასევე, მიუსამძიმრეს გარდაცვლილ ბექა მარგიშვილის ოჯახს.
ის, რომ ვარკეთილის მეტროსთან პოლიციელებს თავს ბორჯომში მცხოვრები და ძებნაში მყოფი შალვა აბულაძე დაესხა, შსს–მ ინფორმაცია ოფიციალურად 5 აპრილს დაადასტურა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრების ექსპერტიზის შედეგად დაგინდა, რომ იმავე იარაღიდან არის ნასროლი, რომლითაც 23 იანვარს ლიკანში ორი პოლიციელი დაჭრეს, მათ შორის ერთი კი გარდაიცვალა. მედიასთან კომენტარი გააკეთეს გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის ოჯახის წევრებმაც. გარდაცვლილის დედა წლების წინ აბულაძის ციხისდან გათავისუფლებას არასწორად მიიჩნევს. მისივე თქმით, შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა დროულად უნდა დააკავონ და იგი უმკაცრესად დასაჯონ.
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი და შალვა აბულაძის ერთ–ერთი მეგობარი ჟურნალისტებთან ირწმუნება, რომ პოლიციელებზე თავდასხმა აბულაძის მხრიდან არ მომხდარა, რადგან იგი დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება. დავით როკეტიშვილი პოლიციელების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს დადებით პიროვნებად ახასიათებს და განმარტავს, რომ შსს–ს მხრიდან დევნა და ბრალდებები პროვოკაციაა. როკეტიშვილისაგან განსხვავებით, მეზობლები ამბობენ, რომ მოვლენებამდე აბულაძე ბორჯომში იმყოფებოდა. თუმცა მეგობრის მსგავსად ისინიც ძებნილს უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ.
შალვა აბულაძე წარსულში მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და მარიხუანას მოხმარების გამოა ნასამართლევი. მას სასამართლომ 20 წელი მიუსაჯა, თუმცა ჯერ ამინისტიით სასჯელი რვა წლამდე შეუმცირდა, შემდეგ კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის თანახმად, საპატიმრო შვიდ წელიწადში დატოვა. ამ პერიოდებში კი ეგრეთ წოდებულ „უდოს“ ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ხელმძღვანელობდა. გედევან ფოფხაძემ აბულაძის საპყრობილედან გათავისუფლება დღეს ასე ახსნა.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს თბილისში ვარკეთილის მეტროსთან აბულაძემ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილსა და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილს ცეცხლი გაუხნა და მიიმალა, რის შედეგადაც ორივე პოლიციელი მძიმედ დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას გიორგი ბერუაშვილი დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.