პოლიციელის
მკლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად
ბორჯომში ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქალაქის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს, მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაც.
4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.