ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში მცხოვრებ დავით ჯაბანაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ბრალი 180–ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც თაღლითობას გულისხმობს.
მისი ადვოკატის განცხადებით, ჯაბანაშვილმა სოფელ გოგაშენში მცხოვრებ ლერი თაქთაქიძისაგან 300 სული ცხვარი და 12 ბატკანი წაიყვანა, რომელიც 60 000 ლარის ღირებულებას შეადგენდა, თუმცა მან მოვალეს თანხის, მხოლოდ ნაწილი გადაუხადა, რის გამოც თაქთაქიძემ პროკურატურას მიმართა.
ჯაბანაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარე წლის 2 მარტიდან დაიწყო, პასუხისგებაში კი იგი 31 მარტს მიეცა. სასამართლომ მას პატიმრობა დღეს შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი განმარტავს, რომ საქმე სამოქალაქო დავით უნდა განხილულიყო და პროკურატურას ჯაბანაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცა.
გარდა ამისა ნუგზარ სამარჯიშვილმა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ ჯაბანაშვილი გამოძიებასთან მუდმივად თანამშრომლობდა და თაქთაქიძისათვის ვალის დაბრუნებასაც სრულად აპირებდა, ამიტომ მისი პატიმრობა საჭირო არ იყო და მოსამართლეს აღკვეთის სახით გირაო უნდა შეეფარდებინა.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 27 მაისს ჩაინიშნა.