იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის საქმეზე, დღეს მოსამართლემ დასკვნითი სიტყვები მოისმინა. ბარალდებისა და დაცვის მხარეებმა, ბოლო თვეების განმავლობაში წარმოდგენილი მტკიცებულებები კიდევ ერთხელ განიხილეს და მოსამართლეს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდეს.
„ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფარსი და შეთითხნილია, ამისთვის კი ბევრი ადამიანი დასიჯება“–ეს განცხადება კაპანაძის ინტერესების დამცველმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას გააკეთა. ირაკლი ბარძიმაძემ, სხდომაზე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კაპანაძის დაკავებაში მონაწილეობას ასპინძის, ადიგენისა და რეგიონის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელები იღებდნენ, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა გიორგი კაპანაძეს ჯერ იარაღი ჩაუდეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, პროკურატურაში სამხარეოს უფროსის თეიმურაზ კალანდაძისა და მისი ყოფილი მოადგილის ალექსანდრე კენჭოშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია, თუმცა ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროცესი ობიექტურად არ წარიმართება.
შემდეგი სხდომა 15 აპრილს 13:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მოსამართლე ნათია მერაბიშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. გიორგი კაპანაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.