ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. სხდომაზე ადიგენის რაიონული ჰოსპიტალისა და „უნიმედი სამცხეს“ ექიმები დაიკითხნენ. მათ სასამართლოს დაზარალებულ ბექა სირბილაძის შესახებ სამედიცინო ცნობები მიაწოდეს. ასევე დისტანციური წესით მოხდა შსს–ს საექსპერტო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის წარმომადგენლების დაკითხვაც.
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა საქმის ერთ–ერთი მთავარი მოწმე ბექა სირბილაძეც, რომელიც 28 აგვისტოს ღამეს მძიმედ დაიჭრა. მან სასამართლოს განუმარტა, რომ მკვლელობა დავით კუბლაშვილის შვილთან მირზა კუბლაშვილთან შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელმაც საშველად მამას მიმართა. მისივე ჩვენების მიხედვით, კუბლაშვილი ახალგაზრდებს მოკვლით დაემუქრა, რაც რამდენიმე საათში შეასრულა კიდეც.
ბექა სირბილაძის თქმით, კუბლაშვილმა პირველად მას ესროლა შემდეგ კი მის ძმასა და მეგობრებს. დაზარალებული ჰყვება, რომ სროლისას მირზა კუბლაშვილიც მამასთან ერთად იყო და აკონტროლებდა ახალგაზრდები ნამდვილად გარდაიცვალნენ თუ არა. დაზარალებულის ჩვნება სარწმუნო არ არის დაცვის მხარისათვის. მაგული გოგლიძის თქმით, ბექა სირბილაძემ პირვანდელი ჩვენება შეცვალა და დღეს მან ურთიერთ გამომრიცხავი ფაქტები დაასახელა.
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე შემდეგი პროცესი 15 აპრილს 13:30 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.