ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ლევან ხოზრევანიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. გამგეობის ერთ–ერთი ხელმძღვანელის დაკავებას, დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გამოეხმაურნენ, თუმცა მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს საგამოძიებო უწყებამ ბრალი დღეს წაუყენა, მართლმსაჯულების ორგანო ხოზრევანიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე 27 მარტს იმსჯელებს. ასპინძის გამგეობაში მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. გამგებელთან „მეცხრე არხი“ დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ლევან ცამაძემ „ექოს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გადამღებ ჯგუფს, იგი არც სამუშაო კაბინეტში დახვდა. გამგებლის მოადგილე კი ამბობს, რომ ლევან ხოზრევანიძე სამსახურში უკვე მეორე დღეა არ გამოჩენილა, ალიკა პაპაშვილის თქმით, კოლეგის დაკავების შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო. დაკეტილია ლევან ხოზრევანიძის სამუშაო კაბინეტიც.
ასპინძის მოსახლეობა თვითმართველობის მხრიდან მსგავს მიდგომას არ იმსახურებს– ასე გამოეხმაურა გამგებლის მოადგილის დაკავებას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი. ტარიელ ლონდარიძე ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორუფციულ გარიგებებში ხელისუფლება არაერთხელ ამხილა. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დაკავებამ კი ყველაფერი ცხადი გახადა. დეპუტატის თქმით, გამგებლისათვის მეორე მოადგილის დანიშვნის წინააღმდეგი იყო საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, თავის დროზე რადგან დამატებითი შტატის დაშვება, ზედმეტ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ქრთამის აღების ფაქტზე გამგებლის მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ–მინისტრისგან რეაგირებას ელოდება. ტარიელ ლონდარიძის განმარტებით, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტეტების გამგებლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ღარიბაშვილის დაპირება იყო. პრემიერმა საჯარო პირების მიმართ, მსგავსი განცხადება ჯერ კიდევ თებერვლის თვეში, თბილისის მერიის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირის, ჯოკია ბოდოკიას დაკავების დროს გააკეთა.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 25 მარტს ამხილეს და დააკავეს .გამოძიებამ დაადგინა, რომ ხოზრევანიძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს ასპინძის მუნიციპალიტეტში, წუნდის ტბასთან მდებარე მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი მოითხოვა, წინასწარ კი 21 000 აიღო.
ასპინძის მუნიციალიტეტის გამგებლის მოადგილის წინააღმდეგ, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან ხოზრევანიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაინიშნა, იგი მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობდა.