„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა გოგოლაძე, ქალაქ ახალციხის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგება და იძულებით გაცდენილი თვეების ანაზღაურებასაც მიიღებს. წარმომადგენლობითი ორგანო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრებს. სააპელაციო სასამართლოს გზით აპირებს წარმომადგენლობითი ორგანოს წინააღმდეგ ბრძოლას თავად შალვა გოგოლაძეც.
ქალაქის საკრებულო, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე “მეცხრე არხთან” აცხადებს, მართლმსაჯულების ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ სამოტივაციო ნაწილში გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის. საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების მიუხედავად, ახალციხის საკრებულო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს და შალვა გოგოლაძეს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღადგენს. გარდა ამისა, მას აუნაზღაურდება სამი თვის განმავლობაში იძულებით გაცდენილი საათებიც, 4 500 ლარის ოდენობით.
იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო შალვა გოგოლაძეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, იგი თანამდებობას დატოვებს და საკრებულოს ანაზღაურებულ თანხას უკან დაუბრუნებს. სააპელაციო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვს “თავისუფალი დემოკრატების” წევრს. თუმცა, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თავის მხრივ, შალვა გოგოლაძეც აპირებს, რადგან მოსამართლემ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით მისი გათავისუფლება არ ცნო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი საათების აუნაზღაურების შესახებ, გადაწყვეტილება რაიონულმა სასამართლომ 2 მარტს გამოიტანა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულება, გოგოლაძის გადაყენებასთან დაკავშირებით, ბათილად ცნო.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სარჩელით, ახალციხის რაიონულ სასამართლოს შალვა გოგოლაძემ 18 დეკემბერს მიმართა და 2014 წლის 21 ნოემბრის №48–ე განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, ქალაქის საკრებულომ იგი იურიდიული საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შალვა გოგოლაძე დეპუტატებს პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოტანაში ადანაშაულებდა და მორალური ზიანის ანაზღაურებას – 3 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გოგოლაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.