დის ავტომობილის მინების დაზიანებისათვის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირს, ახალციხის რაიონულმა სასამრთლომ სამ წლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა. აღნიშნულს ადვოკატი და ოჯახის წევრები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მოსამართლის განაჩენი მკაცრია, რაც დაავადებულის ფსიქიკაზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება. მართლმსაჯულების ორგანოსთან ერთად მათ პრეტენზიები აქვთ სამართალდამცველებთანაც.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ფსიქიკური პრობლემების მქონე 32 წლის ახალგაზრდას სამ წლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსჯა. იგი ამჟამად ხონის ფსიქიატრიულ დისპანსერში იმყოფება. ოჯახის წევრები კი შიშობენ, რომ ახალგაზრდის მდგომარეობა დაწესებულებაში გაუარესდება და მის გათავისუფლებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა სააპელაციო სასამართლოსთვის საჩივარი უკვე მოამზადა, სადაც სამი წლით იძულებითი მკურნალობის ნაცვლად, სამ თვიან მკურნალობას ითხოვს. ადვოკატი ამბობს, რომ პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულისათვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მკაცრია.
32 წლის ახალგაზრდა, რომელსაც იძულებითი მკურნალობა მიესჯა, ადიგენის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, მას შემდეგ დაიწყო, რაც მორიგი შეტევისას დის ავტომობილს მინები ჩაუმსხვრია. ოჯახმა სამართალდამცველებს თხოვნით მიმართა, რომ იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოეთავსებინათ. თუმცა, როგორც ყოფილი ბრალდებულის დედა ამბობს, ადიგენის რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა ისინი შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენება თვითნებურად შეცვალეს და აღნიშნულზე გამოძიება დაიწყეს.
ადიგენის რაიონული სამმართველოს გამომძიებელთან ერთად, ყოფილი ბრალდებულის ოჯახის წევრები პროკურორ კახა ლეკიშვილსაც უპირისპირდებიან, რომელიც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა. ყოფილი ბრალდებულის დედა „ექოსთან“ ჰყვება, რომ სამართალდამცველებმა, მამაკაცი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც სანიტარული პირობები არ არსებობს. ამიტომ პროკურორს, რომელიც საქმეს იძიებდა, სთხოვა, რომ შვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანაში დახმარებოდა. ლეკიშვილისგან დაპირება მიიღო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ 32 წლის ახალგაზრდა გლდანის მერვე საპყრობილეში მოათავსეს.
32 წლის ახალგაზრდის დედის ბრალდებებს უარყოფს პროკურორი კახა ლეკიშვილი. იგი „მეცხრე არხთან“ ამბობს, რომ შვილის სურამის ფსიქიოატრიული დაწესებულებიდან გადაყვანის თხოვნით მისთვის არავის მიუმართავს, ყოფილი ბრალდებული კი მერვე საპყრობილეში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ლეკიშვილი იმასაც განმარტავს, რომ სამართალდამცველებმა საგამოძიებო ღონისძიებები კანონის დაცვით განახორციელეს.
სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები 32 წლის ახალგაზრდის წინააღმდეგ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით მიმდინარეობდა. ყოფილი ბრალდებულის ადვოკატი და ოჯახის წევრები, სასამართლო განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. ასევე ფიქრობენ, რომ სხვადსხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართოთ. ოჯახს იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო, დაცვის მხარის საჩივარს დააკმაყოფილებს და ფსიქიკურად დაავადებულ ახალგაზრდას, სამი წლით იძულებითი მკურნალობის ნაცვლად 3 თვეს შეუფარდებს.