ახალციხის რაიონულ სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა დაცვის მხარის მტკიცებულებები განიხილა.
სხდომაზე ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც ნაცემი გიორგი კაპანაძე გამოიკვლია. ალექსანდრე გეჯაძემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ბრალდებულს სამართალდამცველებმა სამხარეო სამმართველოში დაკითხვისას, დაზიანებები ბლაგვი საგნით რამდენჯერმე მიაყენეს. ექსპერტმა პროცესზე ახალციხის რაიონული საავადმყოფოს „უნიმედი სამცხისა“ და სასწრაფო სამედიცინო დახმარებიდან გამოთხოვილი გამოძახების ბილეთები და ავადმყოფის ისტორია წარადგინა, რომლის საფუძველზეც ექსპერტიზა ჩაატარა.
ბრალდებული ირწმუნება, რომ მას დაკითხვისას სამხარეო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე და მისი მაშინდელი მოადგილე ალექსნდრე ჭანკოშვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც რამდენჯერმე სასწარაფო–სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ცემის გამო კაპანაძე ერთი ღამით „უნიმედი სამცხეშიც“ იყო მოთავსებული.
შემდეგი სხდომა 16 მარტამდე გადაიდო, სადაც დაცვის მხარის სხვა მოწმეების დაკითხვაც იგეგმება, ადვოკატის მოთხოვნით დაიკითხება ბრალდებული გიორგი კაპანაძე, რომელიც პროკურორმა, საქმის ორ მთავარ მოწმესთან ერთად, დასაკითხთა სიიდან მოხსნა. გიორგი კაპანაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.