რეგიონებში ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ქალაქის მერებისა და გამგებლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. 5 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან 2015 წლის ბიუჯტის ორი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრემიერმა უწყების პირველი პირებისგან მიმდინარე სამუშაოების მაქსიმალურად გაკონტროლება მოითხოვა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტების გამგებლები და არჩეული მერები ფიქრობენ, რომ ხელშეუხებლები არიან, თუმცა ეს არასწორია და მათ, როგორც ხალხის, ასევე მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ პასუხისმგებლობა აიღეს. მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ. აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მისთვის შესრულებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობის აღება რთული არ არის. გამგებლის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა პროექტებთან დაკავშირებით, წინა წელს აღებული ვალდებულებები სრულად შეასრულა. იმ პროექტებს შორის, რომლებიც 2014 წელს ვერ დასრულდა, ზაზა მელიქიძე მხოლოდ ორ მათგანს: წყალთბილისა და ღრელის გზების რეაბილიტაციას ასახელებს, ამბობს, რომ სამუშაოები ამინდის პირობების გამო გადაიდო და აპრილის თვიდან აუცილებლად განახლდება.