ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ. ვიქტორინაში სახელწოდებით „ ჩემი მხარის ისტორია“, მონაწილეობა 18-მა ახალგაზრდამ მიიღო. თითოეულმა მათგანმა 30 კითხვას წერილობითი პასუხი გასცა. მოსაფიქრებლად მათ ნახევარი საათი მისცეს. დროის ამოწურვის შემდეგ, მოსწავლეთა პასუხები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.
მიღებული შედეგებით სამი პირველადგილოსანი გამოვლინდა, რომელთაც პირველი, მეორე და მესამე ადგილები მეორე ტურის მეშვეობით გადაინაწილეს. მათ შორის გამარჯვება აწყურის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ანა გვირჯიშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი კლდის საჯარო სკოლის მოსწავლემ ფიქრია ცუცქირიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი – აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ – ნინო მუმლაძემ.
გარდა ამისა, ჟურიმ დამატებითი კითხვებით, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოავლინა. მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სიგელები და წიგნები გადაეცათ.
ვიქტორინა „ჩემი მხარის ისტორია“ გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებმა მიიღეს.
ღონისძიებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 200 ლარამდე დაიხარჯა.