ახალციხის მერიის ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას კენჭი საკრებულოს 13–მა დეპუტატმა უყარა. დამტკიცების მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლებს ბიუჯეტთან დაკავშირებით ისევ პრეტენზიები აქვთ, გარდა ამისა დღეს დეპუტატებმა, საკრებულოს ორი კომისიის ახალი ხელმძღვანელებიც აირჩიეს.
10 მომხრე და 3 წინააღმდეგი–ახალციხის თვითმართველი ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცებულია. 2014 წლის ბოლო საკრებულოს სხდომაზე, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, წარმომადგენლობითი ორგანოს 15 დეპუტატიდან კენჭი 13–მა მათგანმა უყარა. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა და იგი 5 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა.
2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. „ბურჯანაძე–გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი „მეცხრე არხთან“ ამბობს, რომ ხარვეზები ბევრია და ის დაპირებები არ არის გაწერილი, რასაც ქალაქის მერი ამომრჩეველს დაპირდა. გარდა ამისა, ჯიმშერ გოგოლაურმა მხარი არ დაუჭირა იურიდიული და კულტურის კომისიების თავმჯდომარეების არჩევას, რომელიც გელა პეტაშვილმა და დავით ლომიძემ დაიკავეს.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, საკრებულოს იმ წევრების ანაზღაურების წესი, რომლებიც თანამდებობის პირები არიან. ცვლილების მიხედვით, დეპუტატებს ხელფასები 500 ლარამდე გაეზრდებათ, აღნიშნულის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მალხაზ გიქოშვილი იყო, რომელმაც საკითხი წინა სხდომაზე დააყენა. რაც შეეხება ქალაქის მთავრ ფინანსურ დოკუმენტს, მას მხარი არც „ნაციონალებმა“ დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესს, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი მარტიდან, გარე მოვაჭრეები თავიანთი პროდუქციის გაყიდვას მერიის მიერ დადგენილი ადგილებიდან შეძლებენ. სხდომაზე ასევე, ცნობილი გახდა, რომ მერიასა და საკრებულოს ორ–ორი შტატი დაემატება, სადაც მსურველები კონკურსის წესით დაინიშნებიან. ქალაქის საკრებულოს ბოლო, რიგით მეთორმეტე სხდო მაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.