ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხის განმხილველი
კომისიის წევრი შესაძლოა სახალხო დამცველიც გახდეს. საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს, სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის
სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების
შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მიიღეს და დაამტკიცეს კომისიის დებულება. მისივე თქმით, კომისიის სახელით სახალხო დამცველის სახელზე მიმართვა მომზადდება და მას კომისიის წევრის სტატუსით ჩართვა ეთხოვება.
“უახლოეს პერიოდში პროექტი მომზადდება. ჩასატარებელი იქნება გეო-ფიზიკური კვლევა, არქეოლოგიური კვლევა და ისტორიული-სახელმოვნებათმცდონეო კვლევა. მუსლიმ თემს დაემატა ერთი წევრი ოთარ ნადირაძე”, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძე.
მისივე ინფორმაციით, კომისისაში ოთხი წევრი ეყოლება მუსლიმ თემს, სამი ქრისტიანულს, ორი ძეგლთა დაცვის სააგენტოს, კომისიაში შედის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე. მომავალში კომისიას შესაძლოა სახალხო დამცველი დაემატოს.
“სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მანამდე საჭიროა კვლევა –ძიება. მუსლიმური და ქრისტიანული თემები იღებენ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საკუთარი მრევლის წინაშე რომ ჩააცხრონ დაძაბული სიტუაცია”, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.
მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის თქმით, მათ კომისიაში მუსლიმური თემის კიდევ ერთი წარმომადგენლის დამატებაზე თანხმობა განაცხადეს.
“მუსლიმური თემის წარმომადგენლების აზრით, ეს არის
ადამიანი, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებული ნდობა
გააჩნია. ჩვენთვისაც აბსოლუტურად მისაღებია, რომ კომისიაში იყოს
ადამიანი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა
გააჩნია”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა იყის მიღებული.
“კომისია იქმნება იმისათვის, რომ შეიტანოს სიმშვიდე და
სიწყნარე ჩვენს ხალხში, ჩვენს ძმებში, ჩვენს მუსულმანებში და
ქრისტიანებში, რომლებიც ერთ სოფელში ცხოვრობენ. ამიტომ ეს არ იქნება
რომელიმე ერთი მხარის გამარჯვება მეორე მხარეზე”, –
აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.
დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ.
“ჩვენ ვართ კორექტულები, ერთმანეთს ვესაუბრებით გულწრფელად. იმედი გვაქვს, დავამშვიდებთ ჩვენს მრევლს. არ უნდა დაზარალდეს არც მუსლიმური და არც ქრისტიანული თემი”, – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის მომდევნო სხდომა 9 თებერვალს გაიმართება.