ჭელასა და მოხეს შემდეგ საზოგადოების ყურადღებას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ფლატე იქცევს. მეჩეთის ნგრევასთან დაკავშირებით, სადაც გამოძიება ადიგენის რაიონულ საამართველოში მიმდინარეობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი და მისი თანაშემწე დაიკითხნენ. საჩივრის მიხედვით, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საგამოძიებო უწყებაში შეიტანა, ისინი ზარზმის წინამძღვარს მეჩეთის დანგრევასა და ქვების გატანაში ედავებიან.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლატეში მეჩეთის დანგრევის გამო გამოძიებას რაიონული სამმართველო აწარმოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის მუფთი და მისი თანაშემწე დაიკითხნენ. ჯამბულ აბულაძემ ადვოკატთან ერთად სამმართველოში 3 საათზე მეტი დაჰყო. დაკითხვიდან გამოსულმა კი განაცხადა, რომ პროცესი წესების დაცვით მიმდინარეობდა და გამოძიებას კითხვები ფლატეს მეჩეთის წარმომავლობასა და მის ნგრევასთან დაკავშირებით ჰქონდა. დასრულდება თუ არა გამოძიება ობიექტურად ჭელის მეჩეთის წინამძღვარსა და მუფთის თანაშემწეს პასუხი არ აქვს.
ფლატეს მეჩეთის ნგრევასთან დაკავშირებით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართა. თუმცა საქმე გამოსაძიებლად, ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. საჩივრის მიხედვით „ადამიანის უფლებათა ცენტრი “ ზარზმის მონასტრის წინამძღვარს მეჩეთის დანგრევასა და ქვების გატანას ედავება. თავად არქიმანდრიტი ნიკოლოზი კი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და განმარტავს, რომ მეჩეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ზარზმის მონასტრის წინამძღვრის თქმით, მსგავსი თემების წამოწევა მოსახლეობაში ურთიერთობას ძაბავს
ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა ფლატეს მეჩეთის დანგრევასა და ტერიტორიიდან ქვების გატანას უარყოფს. ისინი ჰყვებიან, რომ ორი ათეული წელია რაც შენობა თავისით დაინგრა. მათივე თქმით, კედლებიდან ქვები ახლაც ცვივა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ფლატეს მკვიდრნი იმასაც ამბობენ, რომ თავის დროზე შენობა მახლობლად მდებარე ეკლესიის ქვებით აშენდა.
ფლატეს შენობა 1917 წლით თარიღდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ იგი წლების წინ ხორბლის საწყობად იყო ქცეული. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, კედლებისა და სახურავის ჩამონგრევამდე კი აქ სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი განთავსდა. სოფელ ფლატეს შენობა ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე კულტურული დაწესებულების სტატუსით არის აღრიცხული.
დაკითხვისას სამცხე–ჯავახეთის მუფთისა და მისი თანაშემწის ინტერესები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმა დაიცვეს. ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც 24 დეკემბერს „მეცხრე არხთან“ განაცხადეს, რომ ფლატეს შენობიდან წაღებული ქვები ზარზმის მონასტრის გალავნის მშენებლობას მოხმარდა, თუმცა დღეს ალექსანდრე ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მასაც მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს და მეჩეთის შენობიდან წაღებული ქვებით არა გალავანი, არამედ მონასტრის კელიები აშენდა.